18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს - გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განმარტებით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ განაგრძობს. ამის შესახებ კახიანმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს და საპარლამენტო კონტროლი აღდგეს, გიორგი კახიანი აბსურდულად მიიჩნევს.

"საპარლამენტო ცხოვრება, რა თქმა უნდა გრძელდება. ეს არ გრძელდება იმ მდგომრეობაში, როგორც აქამდე იყო, ეს თეორიულადაც ვერ იქნება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია ქვეყანაში გამოცხადებული და შესაბამისად საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს პარლამენტიც. 

როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა აღდგეს პარლამენტის საქმიანობა, კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ და რა წერია ნახონ. ამისთვის საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. 

დღეს განაცხადეს, რომ თურმე ბოიკოტის რეჟიმს წყვეტენ. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ჩვენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. საერთოდ არანაირი მონაწილეობა მათი არ ყოფილა ამ პროცესში.

ახლა, როდესაც ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში შევდივართ, ახლა გაახსენდათ თურმე საპარლამენტო კონტროლი და პარლამენტმა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა გააგრძელოსო.

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს საპარლამენტო კონტროლზე და ახლა გაუჩნდათ ეს სურვილი, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათ მართლა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი კი არა აქვთ, პოლიტიკური სპექტაკლების მოსაწყობად სჭირდებათ ეს პროცესი," -  აცხადებს გიორგი კახიანი.

დღის ამბები