ოპოზიციის მოთხოვნას, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს, მმართველ გუნდში პასუხობენ. "ქართული ოცნება" ოპოზიციას ისევ პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ყველამ მაქსიმალურად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ვითარების დროულად დასტაბილურებისთვის და ახლა პოლიტიკური ბრძოლის დრო არ არის.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის წევრები უპასუხისმგებლო ქმედებებში დაადანაშაულა. მისი თქმით, კრიტიკა მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვეების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ.
"საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და როდესაც ამ მხრივ კრიტიკა გვესმის იმ გუნდისგან, რომელიც მაშინაც კი, როდესაც ძალიან აქტიური იყო საქართველოს პარლამენტში მუშაობა, პირველ რიგში საქმის კეთებას უცხადებდნენ ბოიკოტს და არ იღებდნენ მონაწილეობას საკომიტეტო განხილვებში, არ ერთვებოდნენ და მხოლოდ დესტრუქციაზე იყვნენ გადასულები, მათგან ამ მხრივ კრიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი კი აცხადებს, რომ პარლამენტი მუშაობას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ განაახლებს.
"ამისათვის საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. ახლა, როდესაც ყველამ იცის რომ შევდივართ ყველაზე მძიმე ეტაპში. უახლოეს ორი კვირა, როგორც ამას ეპიდემიოლოგები ამბობენ, უნდა იყოს გავრცელების ყველაზე მაღალი პერიოდი,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.