18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
მმართველი გუნდი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს, ოპოზიცია კი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

გახანგრძლივდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა - ორთვიანი პერიოდი 22 მაისს სრულდება.

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით ან ერთი თვით გახანგრძლივდეს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ხელს არ შეუშლის საკანონმდებლო ცვლილებებს.

"თუნდაც ერთი თვით რომ გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა, ამ შემთხვევაშიც გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძლოთ. 31 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, თუ გახანგრძლივდა საგანგებო, ივლისში მაინც გახდება შესაძლებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია კი თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის მესამე ვადით გახანგრძლივება დაუშვებელია და ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის დამღუპველი იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" რეგიონების წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების იდეას მხარს არ დაუჭერს.

"ჩვენ საგანგებო მდგომარეობას რამდენიმე კვირის წინაც არ დავუჭირეთ მხარი. შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმიტომ, რომ არ არის ამ ეტაპზე საჭირო,"- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავა კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოს დროული ამოქმედება.

"ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყავით, მაგრამ ასეთი გამოწვევის დროს ვფიქრობ, რომ კანონმდებლებმა აუცილებელია წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის განვითარებაში. უნდა ამუშავდეს საკანონმდებლო ორგანო და დაიწყოს ფუნქციონირება,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები