კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარობის კვლევის აქციაში საქართველოს ჩასართავად მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოლიდარობის კვლევის აქცია კოვიდთან ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იქნება.
თამარ გაბუნიას თქმით, კვლევაში საქართველოს 7 კლინიკა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მთავარი რგოლი ინფექციური საავადმყოფო იქნება.
"ამ კვირაში დასრულდება ფორმალური პროცედურები, სოლიდარობის კვლევაში ჩართვისთვის რაც არის საჭირო. კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტის სახით იქნება გამოყენებული ოთხი სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი და მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ რემდესივირით მკურნალობა, რაც იძლევა შესაძლებლობას ქართველი პაციენტებისთვის, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა რემდესივირზე კვლევის ფარგლებში. საბედნიეროდ, პაციენტების რაოდენობა მცირეა, თუმცა საყურადღებოა მძიმე პაციენტების მდგომარეობაც.
ის, რომ საქართველო მალე შეუერთდება სოლიდარობის კვლევის აქციას, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული მდგომარეობის ეფექტური მართვისთვის. კვლევაში ჩართვისთვის საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული ჯანმოს მიერ.
კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულია სულ 7 დაწესებულება. ეს ის დაწესებულებებია, სადაც მიმდინარეობს კოვიდის მართვა, თუმცა აქედან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იქნება ინფექციური საავადმყოფო, რომელიც ამ კუთხით სხვა დანარჩენ კლინიკებს გაუწევს კოორდინაციას, რომ რემდესივირის და მკურნალობის სხვა სამი მეთოდის გამოყენება მოხდეს შესაფერის შემთხვევებში, კვლევის პროტოკოლის მიხედვით.
ჩვენ გვაქვს ეროვნული ეთიკური საბჭოს სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ კვლევა წარიმართოს შემოთავაზებული პროტოკოლით და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა მივიღოთ ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ "დღის კურიერში" საუბრისას.