რა სისტემით დაკომპლექტდება მომავალი მოწვევის პარლამენტი და კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში, ამ დრომდე უცნობია.
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა დროულად დაიწყოს.
ასევე, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი საკითხები, მათ შორის არის არჩევნებიც.
მესამე სექტორი განიხილავს, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის ჩატარების მეთოდი შეიცვალოს. არასამთავრობო ორგანიზაციებს რამდენიმე რეკომენდაცია აქვთ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ დროულად გაიგოს, როდის და როგორ აპირებს ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლას. ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ დროულად გააკეთოს განცხადება, როგორ აპირებს არჩევნების ჩატარებას შეზღუდვების პირობებში.
"გვესმის ხელისუფლების მხრიდან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებენ შეცვალონ საარჩევნო სისტემა, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ როგორ და როდის აპირებენ ისინი ამის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ მათ საჯაროდ ილაპარაკონ და მეორე საკითხი არის უკვე ოქტომბერში თავად არჩევნების ჩატარების საკითხი, ძალიან ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ ოქტომბერში ჯერ კიდევ გვექნება კონკრეტული შეზღუდვები, მათ შორის 2 მეტრიან დაშორებასთან დაკავშირებით, პირბადეებთან დაკავშირებით და ა.შ.
ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დღეს დავიწყოთ საუბარი თუ როგორ ჩავატარებთ არჩევნებს," - განაცხადა ეკა გიგაურმა.