თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. როგორც ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშაკარიანი აცხადებენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინელი ხალხისთვის საფრთხის შემცველია. დეპუტატები განვითარებული მოვლენების გამო მმართველ გუნდსაც აკრიტიკებენ.
თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ვატო შაქარაშვილის განცხადებით "ქართული ოცნება" სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აფასებს.
"ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით მძიმე ემპირიული გამოცდილება გვაქვს. გვსურს, ეს უარყოფითი გამოცდილება უკრაინელ ხალხს გავუზიაროთ და შევეცადოთ, ავარიდოთ მოსალოდნელი საფრთხე, რაც რეალური ხდება სააკაშვილის საჯარო თანამდებობაზე დანიშვით. ამავე დროს, სათქმელი გვაქვს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან - გეთანხმებით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ბრალდებებით გასამართლებული ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ შენივე ქვეყანაში, შენივე ხელით სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაც არ არის პატივისცემა და შენი ხალხის დაფასება. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მოქმედებს მხოლოდ საკუთარი პარტიული მიზანშეწონილობით და არა მოსახლეობის დაკვეთის შესაბამისად. როდესაც მათ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შეეშინდათ, ისინი გააქტიურდნენ. ეს ბადებს ეჭვს, რომ მათი წინააღმდეგობა არ არის გულწრფელი და მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშით არის ნაკარნახევი," - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ისინი "ქართული ოცნების" ლიდერებისგან განსხვავებით არ დაემსგავსებიან მათ, ვის წინააღმდეგაც იბრძოდნენ:
"ძალიან სამწუხაროა, რომ 2020 წელს, ისევ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შეფასება გვიწევს. ჩვენ არ შეგვეძლო გულგრილი ვყოფილიყავით მისი უკრაინის ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოში მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მწარე გამოცდილება გვაქვს. მისი ყველანაირ სახელმწიფო წარმომადგენლობაში ყოფნა სახიფათოა. გვინდა, მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის, წარმომადგენლობით რადასა და რაც მთავარია, უკრაინელ ხალხს, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას და ნუ გააკარებთ სააკაშვილს რაიმე სახის სახელმწიფო მმართველობას. ეს ფაქტი "ქართული ოცნების" 8 წლიანი მუხლჩაუხრელი კოჰაბიტაციის შედეგია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვებრძოდით. "ქართული ოცნება" დაკავებული რომ ყოფილიყო სააკაშვილის ექსტრადირების საკითხითა და მთავარი საარჩევნო დაპირების, სამართლიანობის აღდგენის აღსრულებითა და შესრულებით, სააკაშვილი მინიმუმ "მატროსოვის ციხეში" იჯდებოდა. ჩვენ, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან განსხვავებით, არასდროს გავხდებით ის, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვით და ვიბრძოდით," - აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.