18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ დაუჭერს  

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გახანგრძლივებას კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ოპოზიციისთვის, რომელიც რამდენიმე დღეა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს, მათთვის საგანგებო მდგომარეობის მესამე ვადით გახანგრძლივება დაუშვებელია. ისინი აცხადებენ, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. 

"ასეთ პირობებში საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ გაგრძელებას ექნება უმძიმესი ეფექტი ქვეყნისთვის, უმძიმესი ეფექტი ჩვენი ეკონომიკისთვის და ასეულობით ათასი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახისთვის. ეს გადაწყვეტილება, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც "ქართული ოცნების" ვიწრო ინტერესიდან გამომდინარე,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების აუცილებლობას ვერ ხედავს ზაალ უდუმაშვილი. "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის ისიც გაუგებარია, რატომ მოქმედებს დღეს ქვეყანაში კომენდანტის საათი.

"არანაირი მიზანშეწონილობა, რომ კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, ნამდვილად არ არის. არანაირი არგუმენტი არ აქვს ხელისუფლებას იმისთვის წარმოდგენილი, რომ საგანგებო მდგომარეობა გააგრძელოს. დღესაც კი გაუგებარია რატომ მოქმედებს იგივე კომენდანტის საათი, რატომ არის ასეთი მკაცრი შეზღუდვები კვლავ ძალაში,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დაწესებულ შეზღუდვებს უსამართლოს უწოდებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დავით ჭიჭინაძე.

"ყოველ ესეთ გადადგმულ ნაბიჯს, ყოველ ესეთ შეზღუდვებს, რომელიც უსამართლო შეზღუდვებია, საკმაოდ მძიმე შედეგი ექნება მათთვის და თუ ადამიანებს არ აძლევ პოლიტიკური ნება-სურვილის გამოხატვის უფლებას, მერე ადამიანები სხვანაირ დაპირისპირებაში გადადიან,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ გახანგრძლივდეს. ამ სცენარით მოვლენების განვითარებას არ გამორიცხავს სახელისუფლებო გუნდიც. ისინი ელოდებიან 22 მაისს და ეპიდმდგომარეობის შესწავლას ქვეყანაში - წინასწარ დაანონსდა, რომ თუ საჭიროება გახდება, შეზღუდვები კიდევ 2 კვირით გაგრძელდება.

 

 

 

 

 

დღის ამბები