18 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
როგორ და რა ვადებში უნდა ჩატარდეს არჩევნები - დამოუკიდებელი დეპუტატები ხელისუფლებისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ

როგორ და რა ვადებში უნდა ჩატარდეს არჩევნები - კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში საარჩევნო პერიოდის დაწყების ვადები ჯერ ისევ არაა განსაზღვრული. უცნობია, როდის მიეცემათ საშუალება პოლიტიკურ ძალებს,  წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმონ. საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა განახლდეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, რისთვისაც საყოველთაო განხილვებია აუცილებელი. ცნობილია, რომ ეს პროცესი დისტანციურად ჩატარდება. კანონის მიხედვით, ცვლილებები ძალაში არჩევნებამდე 3 თვით ადრე უნდა შევიდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკითხთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკას ითხოვენ პოლიტიკოსებიც.

"იმედია, არ დაგვჭირდება ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. თუ დაგვჭირდა, მაშინ შეიცვლება თარიღი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ საარჩევნო კამპანია ვერ იმართება რეალურად ქვეყანაში და ძალიან ბევრი გაურკვევლობა და ბუნდოვანებაა. მთავრობას შეუძლია ამ სიცხადის შემოტანა, პარლამენტისთვის მეტი ინფორმაციის მიცემა, თუმცა რატომღაც, პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ არ იმუშაოს, საერთოდ აორთქლებულია პარლამენტი, არც კომიტეტის და არც პლენარულ სხდომებს არ ატარებს, არც მთავრობას იბარებს და შესაბამისად, ინფორმაცია არანაირი არ არსებობს," - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, არჩვენებამდე 5 თვეა დარჩენილი და ჯერ კიდევ არაა გარკვეული, რა მოდელით ტარდება არჩევნები. იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის მინიმალური სტანდარტები იქნეს დაცული, ეკა ბესელია საგანგებო ვითარების დროულად დასრულებაზე აკეთებს აქცენტს:

"5 თვით ადრე ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი მოდელით ტარდება არჩევნები. ჯერ კიდევ არ არის საკონსტიტუციო ცვლილებები განხილული, ანუ პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული წარმომადგენლობა ჯერ კიდევ შეცვლილი არ არის, ამას მინიმუმ 2 თვე სჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნებამდე სულ რაღაც 2 თვე გვექნება დარჩენილი კამპანიისთვის. ესეც იქნება ალბათ უფრო მეტად დისტანციური და რთულია ამ მოცემულობაში სრულფასოვანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, იმისთვის რომ მინიმალური სტანდარტი გვქონდეს დაცული, ამისთვის არის საჭირო, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა დროულად დავასრულოთ,"- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები