18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ყალბ FB-ანგარიშებთან კავშირს უარყოფს, "ევროპული საქართველო" ხელისუფლებისგან და ენმ-სგან უფრო მკაფიო განმარტებებს ითხოვს

FACEBOOK-ის მიერ ყალბი ქართული ანგარიშების გაუქმებას, რომლებიც ხელისუფლებას და "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდებოდნენ, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ყალბ გვერდებთან პარტიის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ თუ ამას ვინმე ინდივიდუალურად აკეთებდა, ამაში პოლიტიკური ძალა ჩარეული არ იყო:

""ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი კავშირი არ აქვს ამ გვერდებთან, თუ ვინმე ინდივიდუალურად ცდილობდა საკუთარი პოზიციის გამოხატვას, ეს მათი საქმეა. თუმცა, მე მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი გვერდი, რომელიც ავრცელებს სიყალბეს, რა თქმა უნდა, არაა მისაღები, ეს უნდა დაიბლოკოს. აქ ალბათ კიდევ მეორე ფაქტორი არის ის, რომ თავად "ქართულმა ოცნებამ" იმუშავა იმისთვის, რომ გარკვეული გვერდები დაბლოკილიყო ანუ რეპორტები იგზავნებოდა ამის შესახებ. მთავარი არის ის, რომ დღეს ამ დაბლოკილი გვერდების დიდი ნაწილი ეკუთვნის "ქართულ ოცნებას". ბოლო წლებს განმავლობაშ "ქართული ოცნება" დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ შექმნას ტროლების ფაბრიკები და ამაში იხარჯება მილიონობით ლარი,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მმართველი გუნდისგანაც და "ნაციონალური მოძრაობისგანაც" უფრო მკაფიო განმარტებებს ითხოვს "ევროპული საქართველო". სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო წელს მსგავს ფაქტებზე რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

"უკვე მეორედ გამოააშკარავა "ფეისბუკმა", როგორც ჩანს, პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი გაკვეთილი ხელისუფლებისათვის და მან ახლიდან დათესა ეს ტროლები და ბოტები და მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი "ფეისბუკის" მხრიდან. ცალკე გამოსარკვევია, რამდენადაა კანონდარღვევა იმ კონტექსტში, თუ რა ფულიც იხარჯებოდა აქ, იმიტომ რომ დიდი ეჭვი მაქვს აქ იხარჯებოდა მათ შორის საბიუჯეტო სახსრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ამაში ჩართული.

ცალკე აღსანიშნავია, რომ ამაში ასევე იქნა მხილებული "ნაციონალური მოძრაობა" და მე მგონია, რომ ამ ოპოზიციურმა პარტიამ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გაჩნდა "ფეისბუკის" მიერ მათი სხვადასხვა ანგარიშის წაშლის შედეგად," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

დღის ამბები