18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
Facebook-ის ადმინისტრაცია მადლობას იმსახურებს - მამუკა მდინარაძე სოცქსელში გვერდების გაუქმებას გამოეხმაურა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გვერდების დაბლოკვისთვის "ფეისბუქის" ადმინისტრაციას მადლობა ეკუთვნის. მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ "ფეისბუქმა" ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი გვერდების კონტროლი და წვდომის შეზღუდვა მომავალშიც უნდა გააგრძელოს. 

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ძირითადად, 2018 წლიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" პიარ-კონსულტანტ შკლაროვის დახმარებით დაიწყო. მდინარაძე აღნიშნავს, რომ "ფეისბუქის" განცხადებაში საქართველოს კონტექსტში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა ნახსენები  და ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". 

"Facebook-ის განცხადებით, "ნაცმოძრაობის" ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია და პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, რომელმაც ზიანი მიიღო ამ პანდემიისა და ეპიდემიის  შედეგად. ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა იყოს დახვეწილი და რისკების მინიმუმამდე შემამცირებელი. ამ ფონზე ხდება ეს ყველაფერი.

Facebook-ის განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგარი პირები ცდილობენ საკუთარი ვინაობის დამალვას, მაგრამ გამოძიებით მოხდა ამ ქსელების დაკავშირება საქართველოში მოქმედ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან". ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა დიდი რაოდენობით თანხა, დაახლოებით საუბარია 100 000 ლარამდე თანხაზე," - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე. 

Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა "ეს-პერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ-ანგარიში. ფეისბუქის ინფორმაციით "ეს-პერსონა" კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის და ქსელის უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ. გვერდებზე ქვეყნდებოდა ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ კრიტიკული შინაარსის კონტენტი. მოცემული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში დაახლოებით $30,000 დოლარი დაიხარჯა. 

პარალელურად, Facebook-მა წაშალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 23 ფეისბუქ-ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 გვერდი. კომპანიის ინფორმაციით, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტიისა და მთავრობის კრიტიკა პანდემიასთან დაკავშირებით. აღნიშნული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში $23 ათას დოლარზე მეტია დახარჯული.

დღის ამბები