პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში დღესდღეობით არსებული ეპიდვითარება გარკვეული შეზღუდვების შედარებით ადრე მოხსნის საშულებას იძლევა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ სამოქმედო გეგმის ეტაპებზე ისაუბრა.
ჩვენ წარმოვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმა, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ შედარებით უფრო სწრაფად - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ხელისუფლების, თითოეული მოქალაქის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას.
"ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როდესაც ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტზე, დღეს ეკონომიკა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
ეს არის შემოსავალი ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახში და ყველა ვალდებული ვართ, ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები. ამ თვალსაზრისით, მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა და პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა - სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები. ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, იმ ბრძოლაში, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება როგორც ტურიზმის მიმართულებით, ისე - ეკონომიკური განვითარების თითოეულ სექტორში და სფეროში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ, რომ გახსნის შემდგომი ეტაპები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი მხრიდან ოპერირების წესებთან დაკავშირებით.
"ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ წესები თითოეული სექტორისთვის, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება სხვადასხვა სახის მომსახურებები, რათა ეს წესები მათთვის ცნობილი იყოს. ეს წესები ჯანდაცვის სამინისტროში უკვე არსებობს, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია მთავრობისა და ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.