"ევროპული საქართველოს" ოფისში პარტიის ლიდერებსა და ორგანიზაცია "რეფორმების გუნდის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
გუნდის წევრებმა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს კრიზისიდან გამოსვლის შესახებ საკუთარი ხედვა და ორგანიზაციის ღია წერილი გააცნეს.
ეკონომისტი და "რეფორმების გუნდის" წევრი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ დახმარების გარეშე დატოვა ადამიანების ის უდიდესი ნაწილი, რომლებიც სიღატაკეში იმყოფებიან.
"ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმამ დახმარების გარეშე დატოვა ფაქტობრივად უდიდესი ნაწილი ადამიანების, რომლებიც დღეს სიღატაკეში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, რეფორმების ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომლითაც ხელისუფლებას სთავაზობს იმ სამართლიან მიდგომას, რომლითაც მოსახლეობის უდიდესი გეგმა არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე," – აცხადებს ირაკლი ყიფიანი.
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა კი, შეხვედრაზე პარტიის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრეს. პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დღევანდელ რეალობაში შესაძლებელია მთავრობის მიერ წარმოდგენილმა დახმარების პაკეტმა მოქალაქეების დამატებითი ფენები მოიცვას. ასევე მისი თქმით, შესაძლებელია ეკონომიკის დამატებითი სტიმულირების ზომებიც იქნას მიღებული.
"ჩვენი ამოცანაა მოსახლეობას დავანახოთ სურათი, რომ დღევანდელ რეალობაში შესაძლებელია, რომ დახმარების პაკეტი იყოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ 3 მილიარდ ნახევარზე მეტი, შესაძლებელია დახმარების პაკეტმა მოიცვას მთავრობის მიერ შემოთავაზებული ფენების დამატებით კიდევ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყნის და შესაძლებელია, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ზომების გარდა დამატებითი სტიმულირების ზომებიც იქნეს ეკონომიკის მიღებული," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.