18 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ტურიზმის გახსნის პროგრამაში მთელი რიგი პუნქტებია დამატებითი შეღავათებისთვის - ირაკლი კოვზანაძე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ქვეყნის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმა წარადგინეს. პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სფეროს გახსნის ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება.

პროექტის პრეზენტაციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ტურიზმის გახსნის პროგრამაში დამატებითი შეღავათების მთელი რიგი პუნქტებია გათვალისწინებული.

"დღეს წარმოდგენილი იყო ეტაპები ტურიზმის აღდგენისთვის. 15 ივნისიდან აღდგება შიდა ტურიზმი, ხოლო პირველი კი საერთაშორისო ტურიზმი. ასევე, იქნება გარკვეული ზონები შიდა და საერთაშორისო ტურიზმისთვის. 

მოგეხსენებათ, რომ ტურიზმს უმნიშვნელოვანესი ადგილი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, პროგრამაშია მთელი რიგი პუნქტები დამატებითი შეღავათებისთვის, გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც ანტიკრიზისულ პროგრამაში ადრე იყო წარმოდგენილი. არის დამატებითი შეღავათები, როგორც ქონების, ასევე საშემოსავლო გადასახადების გადავადებაზე და სესხის პროცენტის რეფინანსირებაზე, ეს პროგრამა დამატებით 200 მილიონიან დამატებით ფინანსირებას ითვალისწინებს.

ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით არის დივერსიფიცირებული მიდგომა მასპინძლობის სექტორისადმი. ეს არის პირველი ნაბიჯი სექტორული თვალსაზრისით. დღეს წარმოდგენილი იყო ტურისტული ანუ, მასპინძელი სექტორი, შემდეგ იქნება აგრარული სექტორი და ასე გაგრძელდება,"- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ

დღის ამბები