უკრაინასთან და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩევის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას საქართველოს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდალაკის განცხადებით საქართველოს მოსახლეობამ უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანასთან საპარლამენტო დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით და ამისი მკაფიო გზავნილი იყო სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენები
"მე ვფიქრობ ნათლად გამოხატა ჩვენმა საზოგადოებამ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც დიალოგად მიაჩნით რუსეთში, შარშან როცა "ქართული ოცნების" მიერ მოწვეული იქნა ბატონი გავრილოვი, რომელიც მოეხსენება საზოგადოებას რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ქართველების ეთნიკური წმენდა და ხოცვა-ჟლეტა ხდებოდა.
საქართველოს პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და მოხვედრა იმ სანქციებში, რომელიც აშშ-მ და ევროკავშირმა დაუწესეს რუსეთს უკრაინის გამო, იქ უნდა მოხვდეს საქართველოს საკითხიც," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, ისეთი დიალოგი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის აუცილებელი, არსებობს და ეს ჟენევის ფორმატია:
"რუსეთს უნდა წარმოადგინოს თითქოს პრინციპში არაფერი არ ხდება და ნელნელა ვითარება ნორმალიზირდება. ანუ ჩვენთვის ის ჭრილობა და ტკივილი, რაც არის მოუშუშებელი, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია და ასობით ათასი ჩვენი დევნილი მოსახლეობის კვლავ დევნილად ყოფნა ჰქვია, თითქოს ეს ნელნელა ნელდება და ისე მწვავე და მტკივნეული აღარ არის. ამ მიმართულებით არანაირი კომპრომისი არ შეიძლება, ჩვენ გვაქვს, გვჭირდება კიდევაც და აუცილებელიცაა რუსეთთან, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიალოგი და ამ დიალოგის ფორმატი არსებობს, ე.წ ჟენევის ფორმატი," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი დასავლელი პარტნიორების გარეშე არ უნდა შედგეს:
"ჩვენი და ნინო ბურჯანაძის პარტიის საგარეო კურსი ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ჩვენთვის პირველი პრიორიტეტი არის ევროპასთან და NATO-ში ინტეგრაცია, სწორედ ევროპული და ევროპის სამეზობლო-ეკონომიკური სივრცის ნაწილად ყოფნა. ჩვენი სტრატეგიაა, რომ რუსეთთან ჩვენ უნდა ვისაუბროთ სწორედ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მაშინ ვიქნებით ძლიერები და სწორედ ამ შემთხვევაში გვექნება წარმატება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები და ამ ქვეყნების გაძლიერება მის ინტერესებში არ შედის.