უკრაინასთან და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩევის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას, მმართველ გუნდში პასუხობენ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის თქმით, რუსეთში სანამ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის იდეებზე დაიწყებენ საუბარს, სჯობს იმ ვალდებულებების შესრულებაზე იფიქრონ, რომელიც რუსეთს საერთაშორისო დონეზე აკისრია:
"რუსეთს აქვს ბევრ თემაზე ჯერ სალაპარაკო და ბევრი პირობა შესასრულებელი, ვიდრე რაიმე ურთიერთობაზე და დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში იქნება საერთოდ საუბარი. ამიტომ, მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს შესასრულებელი რუსეთს, რას არღვევს, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან საერთოდ ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რომელზეც ისინი დღეს საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი რუსულ ნარატივზე გადავიდეს და ასევე ცინიკურია "უკვდავ პოლკზე" საუბარი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკის ტირაჟირება მოახდინოს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.