18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
თუ ეს შეთანხმებაც დაირღვევა, პასუხისმგებლობა გადავა ხელისუფლებაზე - დამოუკიდებელი დეპუტატები კუბილიუსის წერილზე

ანდრიუს კუბილიუსის წერილს, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს, გამოხმაურება მოჰყვა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან. ეკა ბესელიას განცხადებით, თუ შეთანხმება დაირღვა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. აქვე, ეკა ბესელია უცხოელი კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულ წერილებსაც იხსენებს. 

"ეს არის გაფრთხილება, იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ ნიაღვარი წამოვიდა სხვადასხვა სენატორების, კონგრესმენების კრიტიკული წერილების და გაფრთხილებების. თუ ეს შეთანხმებაც არ შედგება და ისევ დაირღვევა, პასუხისმგებლობა გადავა ხელისუფლებაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ყოველგვარი ულტიმატუმების და პირობების გარეშე, ის რაც შეთანხმების საგანია, მე პირადად მხარს დავუჭერ იმ ცვლილებებს პარლამენტში," - აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, ვითარება ჩიხში თავად ხელისუფლებამ შეიყვანა და გამოსავალი მანვე უნდა იპოვოს. 

"მიუხედავად იმისა, რომ სახელები, გვარები და კონკრეტული ქეისები არ იყო აღნიშნულ დოკუმენტში ჩამოთვლილი, ვფიქრობ ნებისმიერი მონაწილე ხვდებოდა თუ რაზე იყო საუბარი. როგორც მიმდინარე განხილვების შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე დაპატიმრებებთან მიმართებაში. ჩვენი ფრაქციისთვის არასდროს გამხდარა აღნიშნული საკითხი პრინციპული, ჩვენ არ ჩავრეულვართ არც განხილვებამდე, არც დიალოგამდე, შესაბამისად, ჩვენთვის აღნიშნული საკითხი არც ახლა იქნება პრინციპული. ეს არის ჩიხი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ და ხელისუფლებამ უნდა იპოვოს გამოსავალი," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ დოკუმენტს თავადაც მოაწერა ხელი, თუმცა კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე საუბარი არ ყოფილა. 

"მე ხელი მოვაწერე ამას მაშინვე, ეგ არაფერი არ არის ისეთი, რაზეც ბატონი კუბილიუსი ან "ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ამათი მეგობრები ლაპარაკობენ. იქ ასეთი რამ არ წერია, იქ წერია, რომ ამ პერიოდში მიზანშეწონილი არ არის გამწვავებული პოლიტიკური საქმეების წარმართვა,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიასა და არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ წერილში ყურადღებას ოპოზიციონერი ლიდერების საქმეებზე ამახვილებს. კუბილიუსის განცხადებით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას. 

დღის ამბები