საქართველოს ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ავიწყდება, რომ უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებაში ერევა. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ორი ქვეყნის საერთო მიზნებზე NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
"ეს არის ზოგადად "ქართული ოცნების" სტილი, რომ თან იზეიმონ წარმატება, მაგალითად, ტელეკომპანია "იმედზე" რაც ხდება ამის კარგი მაგალითია, სადაც მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იქ ყავის მომდუღებლად ინიშნება და მეორე მხრივ, თუ საზეიმოდ აქვთ საქმე, გამოიწვიო ელჩი კონსულტაციებზე - არის კლასიკური მაგალითი "ქართული ოცნების" უპრინციპო, ერთმანეთთან შეუსაბამო პოლიტიკის შედეგი.
საბოლოო ჯამში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა ის, რომ საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოეხდინათ ამ ფაქტზე,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.