18 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
მუშაობა ფრონტის ხაზზე - "კავკაზუს თრეველის" დამფუძნებლის თქმით, ტურისტულ სექტორს სრულიად ახალ რეალობაში მოუწევს მუშაობა

როგორ აფასებს ტურისტული სექტორი ანტიკრიზისულ გეგმას და როგორ გაგრძელდება ტურიზმი კორონავირუსის მიერ შექმნილ რეალობაში. ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ტურისტული კომპანია "კავკაზუს თრეველის" დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ ისაუბრა.

საბა კიკნაძე გეგმას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ გადასინჯვას მოითხოვს წლის ბოლომდე საშემოსავლო გადასახადის გადავადების ნაწილი, რადგან წლის ბოლო ფინანსური ოპერაციებისთვის მძიმე პერიოდია:

"ეს კარგია, შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტი, რომელიც არასოდეს არ გამოილევა სურვილი, მაგრამ ასევე სათქმელია ისიც, რომ თუნდაც საშემოსავლო გადასახადის გადადება წლის ბოლომდე, ალბათ გადასინჯვას მოითხოვს, იმიტომ რომ წლის ბოლო არის ყველაზე ცუდი დრო, როდესაც შეიძლება "ქეში" საერთოდ არ არსებობდეს, რაც არ უნდა წარმატებით წარიმართოს წლის ბოლომდე დარჩენილი რამდენიმე თვის ოპერაცია," - განაცხადა საბა კიკნაძემ.

"კავკაზუს თრეველის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ტურიზმის სექტორს წესების შეცვლა და სხვა რეალობაზე გადაწყობა მოუწევს. რადგან სწორედ ტურიზმია ვირუსის მთავარი ტრანსპორტიორი და ამის არიდება უნდა მოხდეს თავიდან:

"ტურიზმი არის მთავარი გადამტანი, ტრანსპორტიორი ამ ვირუსის და ტურიზმის სექტორი შეიძლება გავათანაბროთ ფრონტის ხაზზე მომუშავე სექტორთან, თვითონ პანდემიის დროს ეს სექტორები პოლიცია და ექიმები არიან, მაგრამ როგორც კი ტურიზმი დაიწყებს მუშაობას, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვიქნებით წინა ხაზზე, ჩვენი გამყოლები, მძღოლები, მთელი კომპანიები, რომლებიც ტუროპერატორული საქმიანობით არიან დაკავებული. ერთის მხრივ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა, შესაბამისად  ვართ ვალდებულები შევიმუშაოთ განსაკუთრებული წესები და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. აქედან გამომდინარე,  სერიოზული გადასინჯვა სჭირდება ჩვენს ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობას," -  აღნიშნა საბა კიკნაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტურისტული სექტორი ელოდება მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის რეკომენდაციებს, იმასთან დაკავშირებით თუ რა სტანდარტით უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

მისი თქმით, შეცვლილი სტანდარტები არა მარტო დამატებით შრომას, არამედ დამატებით კაპიტალდაბანდებასაც მოითხოვს და ამ ნაწილზე კი მთავრობის გადაწყვეტილებაში საუბარი არ ყოფილა:

"იყო ნათქვამი, რომ რეკომენდაციები მოვა, მაგრამ აი აქ იქნება სწორედ ტექნიკური  და შესაძლოა ფინანსური დახმარებაც საჭირო იმიტომ, რომ ჩვენ აწი გვიწევს ახალ მოდულში მუშაობა, აწი მთელი ცხოვრება ჩვენ მუდამ უნდა ვიფიქროთ პანდემიურ საფრთხეებზე, აქედან გამომდინარე ეს არ იქნება დროებითი მოვლენა უახლოესი 6 თვე ან 1 წელი, ყოველთვის ვალდებულები ვიქნებით სტანდარტულად ვაწარმოოთ, რუტინული რაღაც ოპერაციები. მარტივი მაგალითებია თუნდაც რომ მძღოლებმა ხელის სანიტაიზერი უნდა დააყენონ მანქანებში, ან ჩვენი გიდები უნდა იყვნენ გაწვრთნილი შესაბამისად,"- აღნიშნა მან.

საბა კიკნაძე სწორედ მსგავსი ტექნიკური საშუალებებში დახმარებაზე საუბრობს, მის თქმით, სახელმწიფო ტურისტულ სექტორს უნდა დაეხმაროს ამ საშუალებების იაფად შეძენაში, ან თავდაპირველად ამის ნაწილობრივი სუბსიდირება მოახდინოს. მისი თქმით, მთავრობაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ და ის იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამის გათვალისწინება მოხდება. საბა კიკნაძე ვარაუდობს, რომ თუ ეს არ მოხდება შესაძლებელია ტურიზმის სფეროში ფასებმა მოიმატოს.

"შეიძლება გაძვირდეს, ალბათ რაღაცა თვალსაზრისით, გარკვეულ ნაწილებში გაძვირებას ვერ გამოვრიცხავთ. გაიაფება რომ არ მოხდება, ამაში ეჭვი არ მეპარება," - განაცხადა საბა კიკნაძემ.

საბა კიკნაძის  თქმით, პანდემიის შემდგომ ეტაპზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნად წარმოჩენა სწორი მარკეტინგული სვლა იქნება ტურისტების მოსაზიდად.

"თუ ჩვენ, იმედია გავივლით შედარებით მსუბუქად პანდემიის ამ ეტაპს, მაშინ ამის უფლება გვექნება და რა საკვირველია ეს უნდა გამოვიყენოთ," - განაცხადა მან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოჩენილი იყოს არა მარტო ის რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა კორონავირუსს, არამედ ისიც, რომ არსებულ ვითარებასაც პასუხისმგებლობით ეპყრობა და იგრძნობოდეს აწყობილი მექანიზმი.

"პირობითად ადამიანი, რომელიც ვზივარ პერუში და ვარჩევ ქვეყნებს, გადავხედავ და გადავწყვეტ იქ სადაც პრესა იყო ღია, არაფერი არ იმალებოდა და არ წავალ ალბათ ყაზახეთში, სადაც ეჭვი მეპარება, რომ პრესა არაა თავისუფალი, არ წავალ ირანში, და წავალ იქ სადაც სარწმუნოა ეს ყველაფერი და პლუს ამას ემატება მარკეტინგული მესიჯები. არ წავალ იმ ქვეყანაში, სადაც ვერ წარმომიდგენია, რომ ეს შეიძლებოდა ამ მასშტაბის ყოფილიყო, თუნდაც ჩინეთში, ინდოეთში მაგალითად აღრიცხვაც არ ხდება. უნდა ვისარგებლოთ ამ მახასიათებლებით, რომელიც იმედია შეგვრჩება," - აღნიშნა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები