18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
სააკაშვილი მსჯავრდებულია, ამ მიმართულებით უნდა ჩნდებოდეს კითხვები - გიორგი კახიანი

მმართველი გუნდის წევრების მოსაზრებით, ოპოზიციის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებებში ერევა - გადაჭარბებულია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის თქმით, მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებისა, ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს საფრთხე არ შეექმნება.

გიორგი კახიანი იმასაც ადასტურებს, რომ უკრაინიდან ელჩის გამოწვევა სწორედ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო მოხდა. 

"მისი კანდიდატურა განიხილებოდა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ის, რომ ამ თანამდებობაზე არ დანიშნეს მიხეილ სააკაშვილი, მიუთითებს, რომ მასთან დაკავშირებით უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში არის ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება და მეორე მხრივ, გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვქონდა მასთან დაკავშირებით. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაინიშნა, ესეც მიუღებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ის მსჯავრდებულია, რომელთან მიმართებაშიც სხვა კითხვები უნდა ჩნდებოდეს და არა მისი თანამდებობაზე დანიშვნა.  

უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული ქვეყანა და რა თქმა უნდა, ეს ვერანაირად ვერ აისახება უარყოფითად ჩვენს ურთიერთობაზე,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.  

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. 

დღის ამბები