18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ახალციხის მერის და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრების მოგებულ ტენდერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, ახალციხის მერის და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრების უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარებმა დათვალეს და დაადგინეს, რომ ახალციხის მერის ძმის სამშენებლო კომპანია "ნუკიამ" სახელმწიფო ბიუჯეტიდან 246 ათას ლარზე მეტი საეჭვოდ მიითვისა. ხოლო ამ კომპანიის მფლობელის მეუღლემ, ანუ ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის რძალმა, რომელიც ააიპ-ების ტენდერებს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით უკონკურენტოდ იგებს და ამ ორგანიზაციებს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს, 318 ათას ლარზე მეტი უკონკურენტოდ მიიღო.

შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე თავად იღებდა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოიგებდა ტენდერებში. ამის საფუძველს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა იძლევა, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის წევრი ქალაქის მერი იყო. იმ კომისიის, რომელსაც გამარჯვებულები უნდა გამოევლინა. ზაზა მელიქიძე კომისიის ხელმძღვანელის იყო და სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა საკუთარი ძმისა და მეორე ძმის მეუღლის კომპანიების გამარჯვება. "კურიერი" ახალციხის მერს ესაუბრა. მან აღნიშნული ფაქტი უარყო და დეტალზე საუბრისგან კი თავი შეიკავა.

"არ მინახავს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ძმა დიდი ხანია მშენებელია და არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. არ არის ეს სწორი ინფორმაცია,"- აცხადებს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში მოხვდა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძეც. არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, მისმა ძმამ მხოლოდ 4 წელში, სამშენებლო კომპანია "21 საუკუნეს" სახელით 740 ათას ლარზე მეტი მიისაკუთრა. ასევე გაირკვა, რომ ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მამუკა მელიქიძის ძმამ 16 ტენდერი მოიგო, საიდანაც 3 მილიონ ნახევარ ლარამდე მიიღო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და საკითხთან დაკავშირებით, გეგმავენ ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მიმართონ.

"ტენდერებს იგებს მისი ძმის კომპანია და აღსანიშნავია, რომ მამუკა მელიქიძე მისი ძმის კომპანიაში, ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა, მენეჯერი იყო, ანუ მას კიდევ უფრო ახლო კონტაქტი ჰქონდა ამ კომპანიასთან, ვიდრე ის, რომ მისი ძმა არის მესაკუთრე ამ კომპანიის. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მივმართავთ," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეგიონულმა კოორდინატორმა თამუნა უჩიძემ.

დღის ამბები