მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს აღიარება არის ძალიან დიდი მესიჯი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, რადგან ეს არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება ტურიზმის ინდუსტრიაში - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას პირველი ხსნის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ის, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტ-COVID ღონისძიება, ჩატარდება.
"მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოსადმი მაღალი ნდობით, რომელიც განპირობებულია COVID-თან წარმატებული ბრძოლით, ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტს COVID ღონისძიება სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან.
ეს ყველაფერი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომლის წილის გაზრდაზე მუდმივად ვმუშაობდით. ეს დაეხმარება ჩვენს კერძო სექტორს შემოსავლის მიღებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ ამ ინდუსტრიაში, გააგრძელებენ მუშაობას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.