18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით მინისტერიალი სექტემბერში საქართველოში გაიმართება

საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი.

UNWTO-ის გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა სწორი და წარმატებული ნაბიჯები, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

ვიდეოკონფერენციისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას, როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის, ისე საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეების მომსახურების კუთხით. აღინიშნა, რომ ეს არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გამოიყენებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება "ტურისტულ მწვანე ზონებად" სხვადასხვა კურორტის გამოყოფის შესახებ. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზეც, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო სხვა სახელმწიფოებთან. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ პროცესში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გიორგი გახარიას თქმით, ტურიზმის სფერო, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, არის ის კონკურენტული უპირატესობაც, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს პანდემიის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიცია და ადგილმდებარეობითა და ბოლო წლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით, შეუძლია იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმ მიზნობრივ ბაზრებთან კოორდინაციის პროცესში, რომლებიც საქართველოსთვის საინტერესოა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ. 

დღის ამბები