საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის საელჩოები უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სხვადასხვა სახელმწიფოსთან აწარმოებს.
"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ საერთაშორისო დონეზე; შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს და ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმია და ხელისუფლებას კარგად ესმის, რამდენად მაღალი იქნება გლობალური კონკურენცია.
"გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის რისკი არის და გახსნის ეს გრაფიკი, რომელიც თარიღების მიხედვით გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულად ვმართავთ. ერთ თვეზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ.
გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტები და წესები იქნება დასაცავი.
უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან დიდი ხანია, არსებობს ინტერესი და გვინდა, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საუბრისას.