საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს უშიშროების საბჭოში ესტონეთის რესპუბლიკის როტაციული თავმჯდომარეობის ეგიდით დაგეგმილი, მაღალი დონის ვიდეო-კონფერენციაში - "75 წელი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან - ნასწავლი გაკვეთილები, უშიშროების საბჭოს ვალდებულება" - მონაწილეობა მიიღო.
მაღალი დონის ღონისძიებაში, 50-მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა.
გამოსვლაში, მინისტრმა ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
"ის, რისი მოწმენიც დღეს ვართ, სრულიად ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიით განმტკიცებულ პოლიტიკურ კულტურას. გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი სისტემატიურად არღვევს საერთაშორისო წესრიგის მთავარ პრინციპებს, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ქვეყნების მიერ თავიანთი მომავლის თავისუფლად არჩევის პრინციპებს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში კვლავ უკანონოდ რჩებიან რუსეთის შეიარაღებული ძალები, რაც მძიმედ აისახება ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე.
ამ გლობალური კრიზისის პირობებშიც კი, რუსეთი განაგრძობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსების უკანონო პროცესს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, ასევე ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ კვლავ წართმეული აქვთ სამედიცინო მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნულ ფონზე, გაეროს ქარტიის პრინციპების უხეშ დარღვევებზე თვალის დახუჭვა ზიანს აყენებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალში სისასტიკეების თავიდან აცილების პერსპექტივას,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.