პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ეჩლის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც ელჩი 9 მაისთან, ევროპის დღესთან, დაკავშირებით ავრცელებს.
როგორც ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ გამოწვევასთან გამკლავება მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით შეძლო.
ამასთან, კარლ ჰარცელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. ელჩის თქმით, მას სურს თანაგრძნობა გამოხატოს მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია.
"ზუსტად 70 წლის წინ წარმოდგენილ იქნა ევროპის მომავლის ახალი ხედვა, რომლის თანახმადაც, ომებისა და კონფლიქტების ნაცვლად კონტინენტზე თანამშრომლობა და მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. იმ დროს, შესაძლოა, ეს იდეა უტოპიურად ჟღერდა, თუმცა მოგვიანებით, ევროკავშირის შექმნითა და გაძლიერებით, ის რეალობად იქცა.
სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპის დღეს ერთად ვერ აღვნიშნავთ. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო - მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით. დაუღალავი მუშაობისა და მტკიცე პოლიტიკური ნების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, რათა დავეხმაროთ საქართველოს კრიზისის დაძლევაში,"- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, ქვეყანა ცდილობს ეს დღეს მაინც აღნიშნოს.
"მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ეს დღე გარკვეული პროექტის ფარგლებში აღვნიშნოთ, რომელსაც ეწოდება ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის,"- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.