ანრიუს კუბილიუსის წერილს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სიტყვა პოლიტპატიმარი ევროპარლამენტარმა მხოლოდ იმიტომ არ გამოიყენა წერილში, რომ საქართველოს ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა. თუმცა მისი შეფასებით, ეს თავისთავად იგულისხმებოდა.
"არცერთი ჩვენი პარტნიორის განცხადებაში, სიტყვა პოლიტპატიმარი არ არის ნახსენები. არა იმიტომ, რომ ისინი ამას ასე არ თვლიან, უბრალოდ ამ სიტყვას დიპლომატიური ეტიკეტის გამო არ იყენებენ. ისინი ამ უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ორიენტირებულები არიან შედეგებზე და ითხოვენ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ისე ვერ ან არ ხვდება თუ რას ითხოვენ მისგან,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, აკაკი ბობოხიძე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.