ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებით არაპარტნიორული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამის მაგალითები "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში არაერთხელ იყო:
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი 2014-15 წლებში ღიად გამოხატავდა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას არ მიეღო დასავლეთიდან სამხედრო დახმარება. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევა ნამდვილად შურისმაძიებელ პოლიტიკურ ჭრილში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყნის ინტერესებს ვიწროპოლიტიკური ბოღმების გამო ნუ დააზიანებენ:
"თუკი შეწყდება ეს სამარცხვინო ისტერიკა ქართული ოცნების მხრიდან, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს იქნება მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობისთვის. უნდა გააცნობიეროს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ უკრაინა და საქართველო განიხილებიან, როგორც ერთი მთლიანობა რეგიონში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს მიიღონ მხედველობაში და ნუ აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმების გამო," - აღნიშნა ოთარ კახიძემ.