ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც 1994–1998 წლებში უკრაინაში საქართველოს ელჩი იყო, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული ბზარი უკვე გააჩინა. ქართველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს ამჟამინდელ ელჩს უკრაინაში მუშაობა გარკვეულწილად გაუჭირდება.
"ამ მოვლენებმა გარკვეული ბზარი, სამწუხაროდ, უკვე გააჩინა ორმხრივ ურთიერთობებში. ყოველ შემთხვევაში, ნდობის ხარისხი, რომელიც ახასიათებდა ყოველთვის ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ახლა უკვე იმ დონეზე ვეღარ შენარჩუნდება და როგორც ერთ-ერთი შედეგი, ჩვენს ელჩს გაუჭირდება უკრაინაში მუშაობა ამ მოვლენების შემდეგ.
თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, მე, ყოველ შემთხვევაში, ამოვიკითხე ქვეტექსტები, მინიშნებები გარკვეული, უკრაინის ხელისუფლებისადმი და თავისი სურვილი, რომ შემდგომ გართულებას ორმხრივ ურთიერთობებში ადგილი არ ჰქონოდა. ძალიან კარგია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ეს ქვეტექსტები კარგად წაიკითხა,"- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.