18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ევროპარლამენტარის წერილი ბრიუსელიდან და ადრესატის მოკლე პასუხი - დაირღვევა თუ არა 8 მარტის შეთანხმება

ევროპარლამენტარის ვრცელ წერილს ბრიუსელიდან ერთ-ერთმა ადრესატმა საქართველოდან დღეს მოკლედ უპასუხა და თემაზე დისკუსია დახურა. გიორგი გახარიამ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება გამორიცხა და მმართველი გუნდის სახელით თქვა, რომ სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც პარტნიორების წინაშე აიღო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ საპატიმროებს პოლიტიკური ლიდერები არ დატოვებენ, მაშინ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამ შეთანხმების პირველ პუნქტს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობს. მმართველი პარტიის ოპონენტები ანდრიუს კუბილიუსის წერილს ევროპის მხრიდან "ქართული ოცნების" მიმართ უნდობლობის გამოხატვას უწოდებენ.

შეთანხმების დადებიდან 2 თვის თავზეც, მისი ხელმომწერები დოკუმენტის შინაარსს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. მმართველი გუნდი ოპოზიციას ახსენებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ გულისხმობს, რადგან ქვეყანას პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული პირები არ ჰყავს. მმართველ გუნდში ევროპარლამენტარის წერილში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მითითებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებენ, თავად ევროდეპუტატს კი მიხეილ სააკაშვილს.

8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხი ამ დრომდე ბუნდოვანია. მხარეები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ჯერ მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იყოს აცილებული, კვლავ ინტერპრეტაციის საგანია.

დღის ამბები