პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრის გია ჟორჟოლიანის შეფასებით, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას საფრთხე დაემუქრება, ის უდიდეს ნეგატიურ რეაქციას მიიღებს. ის მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
"ის, ვინც ამ რეფორმას შეაფერხებს, თავის თავზე აიღებს უდიდეს ნეგატიურ პასუხისმგებლობას. ეს ერთხელ უკვე გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" და ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვა საკმაოდ ნეგატიური რეაქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუ ეს განმეორდა, ვფიქრობ, რომ რეაქცია უფრო მწვავე იქნება. არამხოლოდ "ოცნებამ", ვინც არ უნდა გააკეთოს ეს,"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.