18 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
8 მარტს მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, ჩავარდეს - დიპლომატების მონაწილეობით ხელმოწერილ დოკუმენტს მხარეები თავისებურად კითხულობენ

6 თვეში დაგეგმილი არჩევნები დღის წესრიგში  ისევ დადგა. მიზეზი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებული საფრთხეებია. დიპლომატების მონაწილეობით შედგენილი პროექტი შესაძლოა ჩავარდეს, რადგან ხელმოწერილ დოკუმენტს ყველა თავისებურად კითხულობს.

დოკუმენტი საერთო ხელმოწერით და საერთო პასუხისმგებლობით პარლამენტში მალე დარეგისტრირდება, თუმცა მხარეები უკვე მის ჩაგდებაზე საუბრობენ და წინასწარ ადებენ ერთმანეთს ხელს. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ თუ საკანონმდებლო ორგანომ 120/30-ზე საარჩევნო პრინციპი ვერ მიიღო, ეს მხოლოდ ოპოზიციის დამსახურება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა იქნება.

წინასწარი ბრალდება გაუგებრად მიიჩნიეს დღეს თავად ოპოზიციაში. უმცირესობა უმრავლესობას 8 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტის კიდევ ერთ პირობას, მათი თქმით, პოლიტპატირების გათავისუფლებას ახსენებს.

დამოუკიდებელი დეპუტატები პოლიტიკური მხარეების ამ რიტორიკაში კვლავ ორპოლუსიანობის პრობლემას ხედავენ. მათი განცხადებით, ეს ქართული პოლიტიკის ტრადიციად იქცა, სადაც მესამე მხარისთვის სივრცე აღარ დარჩა. დამოუკიდებელი დეპუტატების პროგნოზით, საარჩევნო კანონპროექტის ჩაგდების რისკი საკმაოდ მაღალია და ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

მმართველი გუნდი დღეს ისევ ხაზგასმით ამბობს, რომ ახალ საარჩევნო სისტემას დაბრკოლებებს არ შეუქმნის. უმრავლესობისთვის წინააღმდეგობას წარმოადგენს ოპოზიციის ის მოთხოვნები, რომელთაც სახელისუფლებო გუნდი უტოპიურად მიიჩნევს.

კონსტიტუციაში საარჩევნო ცვლილება კენჭისყრამდე, სულ მცირე, 3 თვით ადრე უნდა შევიდეს. პროცედურულად ამის მოსწრება იმ შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, თუ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი ვადით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

დღის ამბები