გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემთავრობის წევრების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 400 საერთაშორისო კომპანიას წარმოებების ნაწილის ჩინეთიდან საქართველოში გადმოტანას სთავაზობს, აცხადებს, რომ როცა ჩინეთიდან საწარმოები გასვლას გეგმავენ, საქართველოს მართლაც გაუჩნდა უნიკალური შანსი, მოიზიდოს ეს კომპანიები. თუმცა, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო არ არის.
"გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა 400 კომპანიაზე, რომელთანაც მთავრობა საქართველოში საწარმოების გადმოტანაზე გეგმავს მოლაპარაკებას. მივესალმებით იმას, რომ "ლელოს" იდეა ჩინეთიდან საერთაშორისო კომპანიების მოზიდვასთან დაკავშირებით მთავრობამ მყისიერად აიტაცა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს მისი ხორცშესხმისთვის საქართველოს არც სათანადო ბიზნესგარემო გააჩნია და არც შესაბამისი მთავრობა.
ფაქტი არის ის, რომ წლებია, ჩვენი ქვეყნის მთავრობისადმი ნდობა ეროზიას განიცდის საერთაშორისო მასშტაბით და ის დღეს ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. განსაკუთებით მას შემდეგ, რაც ხელოვნურად შეფერხდა ანაკლიის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, ხოლო მისი ინვესტორების წინააღმდეგ დაიწყო დევნა ცრუ ბრალდებებით პოლიტიკურად ანგაჟირებული სახელმწიფო უწყებების მიერ. ეს შეფასება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკუთვნის," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
"ლელოს" ლიდერის განცხადებით, ინვესტორების ინტერესის შემცირება აისახა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზეც. 2018 წელს ის შემცირდა 35 %-ით, 2019 წელს კი არ გაზრდილა და მშპ-სთან შეფარდებით ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა (7.1%).
მიუხედავად რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე პოზიციებისა, საქართველომ დაბალი ადგილი დაიკავა ისეთ კვლევებში, რომლებიც გადამწყვეტია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მაგალითად, 2019 წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 74-ე ადგილზე აღმოჩნდა. აღნიშნული კვლევით კრიტიკულად დაბალი ქულით შეფასდა: სასამართლოს დამოუკიდებლობა (მე-80 ადგილი), მთავრობის გრძელვადიანი გეგმები (83), ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა (83), საზღვაო სატრანსპორტო კავშირები (100), მუშახელის კვალიფიკაცია (125) და სხვა.
გიგლა მიქაუტაძემ ასევე განაცხადა, რომ 119-ე ადგილზეა საქართველო მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსშიც, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალ დონეზე მიუთითებს. სამეზობლოში გვისწრებს ყველა ქვეყანა: სომხეთი 92-ე ადგილით, რუსეთი 75-ე ადგილით და თურქეთი 47-ე ადგილით. ამ ფონზე კი წარმოუდგენელია, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თუნდაც ერთი მსხვილი ინვესტორის დარწმუნება შეძლოს.
"დღეს, როცა ჩინეთიდან საწარმოები გასვლას გეგმავენ, საქართველოს მართლაც გაუჩნდა უნიკალური შანსი, მოიზიდოს ეს კომპანიები. თუმცა, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ასევე, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ კონტექსტში საერთაშორისო ინვესტორებისთვის მთავარი მიზიდულობის ცენტრი შეიძლება გახდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მასთან ერთად ქალაქი ანაკლია, სადაც განსაკუთრებული საგადასახადო და სამართლებრივი გარემო შეიქმნება, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ბრიტანელი და იაპონელი ექსპერტების მიერ შემუშავებული გეგმა. პროექტი კი, როგორც ცნობილია, შეჩერებულია.
ზემოთ თქმული წინაპირობების გარეშე, თავს ნუ მოვიტყუებთ, ინვესტორებთან საუბარი მხოლოდ წყლის ნაყვა და ყალბი მოლოდინის შექმნაა,"- განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.