18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
დღეს რაც მოვისმინეთ "ქართული ოცნების" მხრიდან იყო პოლიტიკური ვა-ბანკი - დავით ბაქრაძე

"პოლიტიკური ვაბანკი" - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში დავით ბაქრაძემ გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას 8 მარტის შეთანხმების დეტალებზე და ამ თემაზე სპეკულაციას წერტილი დაესმება. 

"დღეს რაც მოვისმინეთ "ქართული ოცნების მხრიდან იყო პოლიტიკური ვა ბანკი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საკმარისად გადაიტანა მოსახლეობის ყურადღება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ პოლიტიკის თემიდან და ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი ღია ფორმით, პირდაპირ დაარღვიოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება რა მოხდა 8 მარტს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ელჩები საკუთარი განცხადებით კიდევ ერთხელ განმარტავენ თუ რაზე იყო შეთანხმება, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა.

მე შეგახსენებთ აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების განცხადებებს, როდესაც მოხდა ირაკლი ოქრუაშვილისთვის სასჯელის მისჯა სასამართლოს მხრიდან და როდესაც აშშ-ს საელჩომაც და ევროკავშირის მისიამაც პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს იწვევს მათ შეშფოთებას, რადგან ეწინააღმდეგება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას. ასევე, შეგახსენებთ ძალიან მკაფიო განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ სენატორ რიჩის მხრიდან, რომელმაც 8 მარტის შემდეგ განაცხადა, რომ ის ელის კონკრეტულ ნაბიჯებს და, მათ შორის, გიგი უგულავასთან გადადგმული ნაბიჯები იქნება ტესტი, სრულდება თუ არა შეთანხმება. ასევე, შეგახსენებთ ევროპარლამენტარ კუბილიუსის წერილს.

ანუ, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ვინც მონაწილეობდა ამ შეთანხმებაში და იცის მისი დეტალები, უკვე არაერთხელ გამოხატეს საკუთარი მკაფიო პოზიცია და, იმედი მაქვს, დღესაც გავიგებთ ამ პოზიციას, ამით მართლა დაესმება წერილი ამ თემაზე სპეკულაციას"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები