18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
დავით ბაქრაძე ოქრუაშვილის და რურუას წერილებზე "ოცნების" განმარტებებს არასწორს უწოდებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის წერილებზე ისაუბრა. "დღის კურიერის" ეთერში, დავით ბაქრაძემ "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს არასწორი განმარტებების მცდელობა უწოდა.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმებაში დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხიც შედიოდა.

"დღეს მოვისმინეთ მცდელობა აბსოლუტურად არასწორი განმარტებებისა "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან. მე შეგახსენებთ, რომ შუა მოლაპარაკებების პროცესში იქნა დაკავებული გიგი უგულავა. იმავე დღეს, როგორც კი გიგი უგულავა დააკავეს, მთელმა ოპოზიციამ ე.წ. "ლეიბორისტული პარტიის" ფორმატში გააკეთა განცხადება, რომ უგულავას დაკავებით მოლაპარაკებები დასრულდა და მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდებოდა. 

შემდეგ იყო სწორედ უგულავას წერილიც, რურუას და ოქრუაშვილის წერილიც, სადაც ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ თუ არის შანსი, შეიცვალოს პოლიტიკური სისტემა, ჩვენი პატიმრობის გამო მოლაპარაკებებს ნუ შეწყვეტთ და გააგრძელეთ საუბარი. 

ამიტომ, ამ წერილებშიც და ჩვენს კომენტარებშიც ამ წერილებზე იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ უგულავა დაიჭირეს და მოდი ახლა საერთო დავივიწყოთ და საკითხი არ დავაყენოთ, ამაზე როგორ იქნებოდა.

საუბარი იყო იმაზე, რომ შეწყვეტილი პროცესი, რომელიც ჩვენ ოპოზიციამ შევწყვიტეთ უგულავას დაპატიმრების შემდეგ, განახლებულიყო და პროცესი მართლა განახლდა და მივედით 8 მარტის შედეგამდე, ოღონდ ამ შედეგში იყო ორივე ნაწილი. იყო ციფრობრივი პროპორციებიც საარჩევნო სისტემაზე და იყო იმ დაკავებული ხალხის საკითხიც, ვინც მართლა თავისი იმ დროს ვაჟკაცური პოზიციით მოგვიწოდა, რომ არ გამოგვეცხადებინა ბოიკოტი მოლაპარაკებებზე, არ გამოვსულიყავით მოლაპარაკებების მაგიდიდან," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები