18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"ოცნება" ან საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, ან ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები ელის - თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ თუკი "ქართული ოცნება" 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტს არ შეასრულებს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები ელის. როგორც "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ელჩებისადმი მიმართვა, რაც 8 მარტის შეთანხმების დეტალების გაცხადებას შეეხებოდა, არაკორექტულია. 

"ელჩები, უკაცრავად, მაგრამ არჩილ თალაკვაძისგან დავალებებს არ იღებენ. საერთოდ, ვინც იღებს ამ ქვეყანაში დავალებებს, იღებენ ისინიც ერთი პირისგან - ბიძინა ივანიშვილისგან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნამდვილად არ მიიღებს დავალებებს და ეს ტონალობა, საერთოდ, ძალიან არაკორექტულია, ელჩებთან ურთიერთობისას.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება მაშინ, როდესაც დაპირდა მათ, ისევე, როგორც ქართველ ხალხს, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ახლა აქვს მცდელობა, რომ მეორედ მოატყუოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება და, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, შეტენოს ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციას. უბრალოდ, არ გამოუვა, რადგან ელჩი დეგნანიც ესწრებოდა ამ მოლაპარაკებებს, კარლ ჰარცერიც ესწრებოდა, გერმანიის ელჩიც ევროსაბჭოს წარმომადგენელი, ვესწრებოდი მეც და ყველამ ძალიან კარგად იცის სიმართლე. მარტო ირმა ინაშვილის სიტყვები ხომ არ შეგვიძლია მოვიშველიოთ იმის დასამტკიცებლად, რომ მართლაც კონკრეტულ სახელ და გვარებზე იყო საუბარი. ვესწრებოდით კონკრეტული ადამიანები და ძალიან კარგად ვიცით, რაზეც იყო ეს შეთანხმება.

მარტივი მოცემულობაა - ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე ამერიკას და ევროკავშირს დაავიწყდა საქართველო და ამიტომ, მას შეუძლია რომ ჩაატაროს თავისი მორიგი ტრიუკი, მოატყუოს, გააცუროს, რაღაცნაირად ეს ფურცელი გადაშალოს ისე, რომ მისთვის უფრო მომგებიან სიტუაციაში დარჩეს, მაგრამ უფრო წამგებიანში დარჩება, იმიტომ, რომ სანქციებზე დაუწყებენ საუბარს. არ დაავიწყდეს, ის რეზოლუცია, რომელიც ამერიკის კონგრესში არსებობს, სადაც პირდაპირ ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ეს რეზოლუცია გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილი ისევ დადგება იმ არჩევანის წინაშე, რომ ან იღებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ხალხს აძლევს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის არჩევის შესაძლებლობას, ან იღებს პერსონალურ სანქციებს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს

ამავე თემაზე
დღის ამბები