"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ დარჩა.
მისივე ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდგომ, "ქართული ოცნების" წევრები შეხვდნენ ელჩებს და საქმის გარემოებები ზედმიწევნით გააცნეს.
"რაც შეეხება ამ განცხადებას, ჩვენ გვქონდა შეხვედრა მას შემდეგ ელჩებთან და მკაფიოდ განვუმარტეთ საქმის თითოეული დეტალი, მათ შორის 9 თვიან ვადასთან დაკავშირებით, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, მტკიცებულებები ვაჩვენეთ და ა.შ. თითოეულ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ერთადერთი საშუალება რაც ჰქონდა პროკურატურას და სასამართლოს ამ საქმეში, იყო ის ადეკვატური სასჯელი, რომელიც შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილს. ნებისმიერ გონიერ და გამოცდილ იურისტს შეგიძლიათ კითხოთ, თუ იყო შესაძლებელი ამაზე მცირე სარჩელის შეფარდება ირაკლი ოქრუაშვილისთვის, რომელიც უმძიმეს დანაშაულში მონაწეილეობდა. ეს იყო პარლამენტი შენობაში შეჭრის მცდელობა და პოლიციელებზე ძალადობა და ამის ორგანიზება. როგორ შეიძლებოდა ასეთ მძიმე დანაშაულზე სასამართლოს მიეღო განსხვავებული, უფრო რბილი გადაწყვეტილება. ყველა გარემოება იქნა განმარტებული, შესაბამისად, დღესავით ნათელია ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ელჩებს კითხვები აღარ უნა ჰქონდეთ. ვფიქრობ, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ რჩება ამ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი ოქრუაშვილს აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული, რისთვისაც 5 წლიანი სასჯელი შეიძლება მსუბუქიც კი იყოს "- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.