"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩების დუმილით ოპოზიცია ბოროტად სარგებლობს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ელჩების მხრიდან სათანადო გამოხმაურება მოჰყვება 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ელჩებისგან იქნება ისეთი გამოხმაურება, რომელიც ყოველგვარ სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით საბოლოოდ დაასრულებს.
"ელჩების დუმილით ოპოზიცია ბოროტად სარგებლობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება სათანადო გამოხმაურება ელჩების მხრიდან. ელჩები, ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იტყვიან იმას, რასაც უტიფრად ამბობს რადიკალური ოპოზიცია.
კერძოდ, ისინი ვერ იტყვიან იმას, რომ მშვიდად აკვირდებოდნენ, თუ როგორ თანხმდებოდნენ პოლიტიკოსები სხვა ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაში არაკონსტიტუციურ ჩარევაზე. ამას ხომ ვერ იტყვის ვერც ერთი ელჩი, შეუძლებელია.
ესენი არიან ამერიკის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და გერმანიის ელჩები, ანუ იმ ქვეყნების ელჩები, რომლებიც სხვას აძლევენ სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის მაგალითს. შესაბამისად ის, რომ გამოვიდეს ან ამერიკის ელჩი, ან ევროკავშირის, ან რომელიმე სხვა და გაიმეოროს ის სირცხვილი, რასაც გვეუბნებიან ბოკერია, ბაქრაძე და სხვები, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ისინი ბუნებრივია არ გადახაზავენ სამართლის უზენაესობის პრინციპს და ხელისუფლების განაწილების პრინციპს, რასაც აკეთებდნენ ჩვენი ოპონენტები თავიანთი მმართველობის განმავლობაში და რასაც აკეთებენ ამის შემდეგ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში.
იმედია ელჩებისგან იქნება ისეთი გამოხმაურება, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ყოველგვარ სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ