პრემიერი აჭარაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ მათ ტურიზმის გახსნის გეგმა გააცნო. საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს უახლოეს პერიოდში აამუშავებს.
გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან საქართველოში დაიწყება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდება, 1 ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებს მიიღებს.
პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რომ კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, კრიზისიდან ქვეყანა კიდე უფრო გაძლიერებული ეკონომიკით უნდა გამოვიდეს.
"ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული.
ჩვენ შეიძლება ზრდის და გარღვევის ისეთი მიმართულებები და წერილები ან სექტორები აღმოვაჩინოთ, რომელზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდით და მეორე, ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტურობამ, სულ მალე, დაახლოებით აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი - რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად, რაც პირველ რიგში, თქვენი ინტერესია, იმიტომ, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა და გეყოლებათ მეტი სტუმარი, შესაბამისად, მეტი შემოსავალი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.