"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ელჩების ინიციატივით შეხვედრები საარჩევნო სისტემის საკითხზე იმართებოდა და აღნიშნულ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო და არა მხოლოდ საპარლამენტო პარტიები ესწრებოდნენ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებზე "ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე გადავიდნენ და ასევე პირად ხელშეუხებლობას ითხოვდნენ - ამის შესახებ ირმა ინაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ მისი თანდასწრებით არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე აღნიშნულ მოთხოვნებს არ დათანხმებულან.
"ელჩების ინიციატივით იმართებოდა შეხვედრები საარჩევნო სისტემის თემაზე! ხაზს ვუსვამ: საარჩევნო სისტემის თემაზე! და ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არა მარტო საპარლამენტო.
მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე "ნაცმოძრაობაც" და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე. კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არა მარტო უგულავასი. ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მაგალითად, ბოკერია.
მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან! მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემს გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემს გარეშეც და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს.
ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ," - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.