პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უცხოელ დიპლომატებთან მოთხოვნა, რომ 8 მარტის შეთანხმებაზე თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ, უხერხულია.
"მიმართავენ უცხოელებს, დიპლომატებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომლებიც დიპლომატიის გამო თავიანთ პოზიციას არ აფიქსირებენ. ეგ რანაირად არის ვერ ვხვდები ანუ უნდა დაანებონ თავიანთ დიპლომატიას თავი და გააკეთონ ამის შესახებ განცხადება. თუ "ქართულ ოცნებას" უნდა, 123 დეპუტატია იმისთვის საჭირო, რომ მიიღონ ცვლილებები, 123 დეპუტატია პარლამენტში, რომელიც არ არის "ევროპულ საქართველოში" და "ნაციონალურ მოძრაობაში". ეს არის ათით მეტი და ესაუბრონ ამ დეპუტატებს და იქ გაარჩიონ,"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდის განცხადებით, შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს იმ ელჩებს მიმართა, რომლებიც პოლიტიკურ კონსულტაციებში, როგორც მედიატორები მონაწილეობდნენ და დიპლომატებს შეთანხმების დეტალების საჯაროდ დაკონკრეტება სთხოვა.