პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ფორმატს არ გასცდნენ.
იონათამიშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია დაარღვევს შეთანხმებას, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია აღარ ვილაპარაკოთ შეთანხმების ტექსტზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აპელირებს ოპოზიციის ეს უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად, რომ დაარღვევს 8 მარტის შეთანხმებას. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ არც მაშინ არ უნდოდათ, რომ კონსენსუსი შემდგარიყო და ეს იყო მათთვის იძულება.
მე მოვუწოდებ მათ, რომ არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ," - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი რიში იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები 8 მარტის შეთანხმებას სრულად შეასრულებენ, რაც მათ შორი გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას.
"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მოველი, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ," - წერს ტვიტერზე რიში.
8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ადამ კინზინგერიც. რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება აუცილებელია.
ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის ელჩებისადმი მიმართვა - არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ფასილიტატორებს საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია კონკრეტული პირების ციხიდან გათავისუფლების ვალდებულება, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.