18 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
იაფი დიზელი ფერმერებს - შეღავათიანი პროექტით სარგებლობა ფერმერებს 20 მაისიდან შეეძლებათ

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვითაც მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებს აგროდიზელი შეძენა შეღავათიანი ფასითა და პირობებით ექნებათ ხელმისაწვდომი.

ლევან დავითაშვილი განმარტებით, აღნიშნული შეღავათიანი პროექტით სარგებლობა არა უმეტეს 100 ჰექტარზე მეტის მიწის მქონე ფერმერს შეეძლება.

მინისტრის განცხადებით, პროექტი "იაფი დიზელი ფერმერებს" გრძელვადიანი იქნება და ამით სარგებლობა ფერმერებს 20 მაისიდან შეეძლებათ. ამისთვის საჭირო იქნება საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებში რეესტრიდან, სპეციალური ელექტრონული პროგრამის ამონაბეჭდი მიიღონ, რომელიც სამინისტროს მიერ უკვე მომზადებულია.

"პროგრამა, რომელიც უკავშირდება ე.წ. აგროდიზელს - ეს არის სპეციალური შეღავათიანი ფასითა და პირობებით დიზელის შეძენის შესაძლებლობა ჩვენი ფერმერებისთვის.

განვაზღვრეთ, საშუალოდ, ფერმერს წლის განმავლობაში 1 ჰექტარზე სჭირდება დაახლოებით 150 ლიტრი საწვავი, ძირითადად დიზელის საწვავი, რომელიც სხვა აგროტექნიკურ სამუშაოებში უნდა გამოიყენოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწვავი მისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ფერმერებზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებზე, რომელთა ფართობიც შეიძლება 10 ჰექტრამდე იყოს. მსხვილ ფერმერებსაც, 100 ჰექტარის მქონე ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლოს, ოღონდ არა უმეტეს 100 ჰექტარზე. ლიმიტი მათთვის იქნება 15 ათასი ლიტრი საწვავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია.

თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ დღეს ბრენდულ საწვავის ავტოგასამართ სადგურებში ფასი შეთავაზებულ ფასთან შედარებით თითქმის ლარით განსხვავდება, ეს თითქმის 15 000 ლარიანი შეღავათია 100 ჰექტრიანი მსხვილი მეურნეობისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია 10 ჰექტრიანი მეურნეობისთვისაც, 1 500 ლარს შეიძლება შეადგენდეს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს პროექტი არ არის მოკლევადიანი ან მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი, ეს იქნება გრძელვადიანი და მომავალ წლებშიც იქნება.

ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ პროექტის ინიციატორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი გახარია.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი, რომელიც უნივერსალურია ფერმერებისთვის.

ჩვენ მოვახდინეთ სპეციალური პირობების მოლაპარაკება და შეთანხმება საწვავის მხრივ მომწოდებლებთან. ამაზე უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია და უკვე ამ პროექტით სარგებლობასაც ჩვენი ფერმერები შეძლებენ 20 მაისიდან საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებში რეესტრიდან, მათ შეუძლიათ მიიღონ სპეციალური ელექტრონული პროგრამის ამონაბეჭდი, რომელიც სამინისტროს მიერ უკვე მომზადდა," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები