შეთანხმება, რომელიც უთანხმოების მიზეზია - 8 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტის მორე ნაწილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთდაპირისპირებისა და ბრალდებების მიზეზად რჩება.
მათ შორის ოპონენტებმა რადიკალურად განსხვავებულად წაიკითხეს ელჩების მიერ გამოქვეყნებული წერილიც და ესეც ისევ ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, როდესაც 8 მარტის დოკუმენტს მხარეები ხელს აწერდნენ, გულისხმობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები უნდა შემწყდარიყო.
"სენატორ რიშის განცხადებაში, ხელისუფლებამ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა, იმიტომ რომ პირველად მათ ახსენეს სიტყვა პოლიტიკური პატიმრები. ამ სიტყვის ხსენებას ჩვენი მეგობრები საქართველოსთან მეგობრობის გამო. დღეიდან მორჩა, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. ეს იქნება სათაური საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით. ამ ფონზე აპირებენ არჩევნების ჩატარებას?!
8 მარტს ხელს, რომ ვაწერდით ამ დოკუმენტს, ვგულისხმობდით რას, რომ ხვალ პოლიტიკური ნიშნით არავინ მოჰყვეს რეპრესიებში და დღემდე რაც არის ის გამოსწორდეს. დღემდე რაც არის, რა გამოსწორდეს, ძალიან კონკრეტული გვარები და სახელები, რომლებზეც სამი თვის განმავლობაში იყო მსჯელობა," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი რიში იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები 8 მარტის შეთანხმებას სრულად შეასრულებენ, რაც მათ შორი გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას.
"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მოველი, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ," - წერს ტვიტერზე რიში.
8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ადამ კინზინგერიც. რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება აუცილებელია.
ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის ელჩებისადმი მიმართვა - არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ფასილიტატორებს საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია კონკრეტული პირების ციხიდან გათავისუფლების ვალდებულება, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.