პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თამარ ხულორდავას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება.
"უკვე მეორედ დადებული პირობის მეორედ არშესრულება, მე ვფიქრობ რომ იქნება ძალიან დიდი ზიანის მომტანი და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და ეს არის გზა საქართველოს იზოლაციისკენ, რაც არამგონია, რომ შედიოდეს ჩვენს ინტერესებში," - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი რიში იმედოვნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები 8 მარტის შეთანხმებას სრულად შეასრულებენ, რაც მათ შორი გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას.
"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მოველი, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ," - წერს ტვიტერზე რიში.
8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ადამ კინზინგერიც. რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება აუცილებელია.
ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის ელჩებისადმი მიმართვა - არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ფასილიტატორებს საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია კონკრეტული პირების ციხიდან გათავისუფლების ვალდებულება, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.