სიტუაციას ოკუპირებულ რეგიონებში ანალიტიკოსები და კონფლიქტოლოგები კარგად იცნობენ. მაგალითად, გიორგი ჯახაია „კურიერთან" აცხადებს, რომ სკეპტიკურად უყურებს და არ ენდობა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არის ინფიცირების მხოლოდ 10 შემთხვევა. თუმცა, ამასთან ერთად ის თვლის, რომ არ არის გამორიცხული თავად დე ფაქტო ხელისუფლებასაც არ ჰქონდეს რეალურ სურათზე წარმოდგენა, ვინაიდან არ ტარდება ტესტირება, არ ხდება მოსახლეობის გამოკვლევა.
"ხალხმა არ მიიღო კარანტინი იმ დონეზე, როგორც იყო საქართველოში მიღებული. უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ძალიან მაგრად მუშაობს რუსეთის პროპაგანდა და რუსული საინფორმაციო არხები პირველ თვეებში აცხადებდნენ, რომ ეს არ არის საშიში ინფექცია, ჩვეულებრივი გრიპიაო და ამათმაც დაიჯერეს. დღესაც, რომ აცხადებენ კურსანტები დაბრუნდნენ და ავად არიანო, ამბობენ, რომ ეს არაფერი არაა, ჩვენზე არ მოქმედებს. საერთოდ არ არის იქ სისტემა, მოშლილია ყველაფერი. აფხაზები სამკურნალოდ საქართველოში ჩამოდიან," - აცხადებს ბლოგერი გიორგი ჯახაია.
ანალოგიური განცხადება „კურიერთან“ საუბარში კონფლიქტოლოგმა ირაკლი ცქიტიშვილმაც გააკეთა. ის ამბობს, რომ არანაკლებად მძიმე ვითარება არის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონშიც.
"აცხადებენ ისე, რომ თითქოს მზად არიან გაწირონ ის ხალხი, ოღონდაც არ გამოუშვან ჩვენთან. ცხინვალის საავადმყოფო ამისთვის მზად არ და ვერ იქნება. ზუსტად ვიცი, რომ მაგალითად ახალგორის რაიონში და იქიდან აცხადებენ, რომ საერთოდ არანაირი პირობა არ არსებობს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ იქით გავრცელდეს ეს დაავადება. ცხინვალი არის აბსოლუტურად მოუმზადებელი ამ დაავადებისთვის, არ გააჩნია არანაირი არც ტექნიკური და არც მატერიალური საშუალება, არის რუსეთის იმედზე. მე როგორც ვხედავ, რუსეთი მაინც და მაინც არ ჩქარობს დაეხმაროს," - განაცხადა ირაკლი ცქიტიშვილმა.