გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი რთული იყო, რადგან მხარეები პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ.
როგორც ელჩმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამის მიუხედავად, შედგა ისეთი ტექსტი, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა.
"მოლაპარაკებების დროს ოპოზიცია აცხადებდა, რომ არსებობდა სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა, ხოლო სახელისუფლებო პარტია ამტკიცებდა, რომ სასამართლო უწყებები დამოუკიდებლები არიან და მათზე არ ხორციელდება ზეწოლა. ეს რთული მოლაპარაკება იყო, მაგრამ შედეგად შედგა ეს ტექსტი, რომლის ციტირებაც თქვენ მოახდინეთ, სადაც წერია, რომ მიუხედავად პარტიებს შორის არსებული განსხვავებული შეხედულებებისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც, შესაძლოა, აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოზე პოლიტიკური გავლენა. ამით დასრულდა 8 მარტის მოლაპარაკებები და ეს ჩვენ, იმ დიპლომატებს, რომლებმაც მივიღეთ მასში მონაწილეობა, გვაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და მუშაობას იმაზე, რომ საქართველოში შექმნან ისეთი სიტუაცია, როდესაც ყველას ექნება ნდობა სასამართლოსა და იქ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ,"- განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რამდენიმე რაუნდიან მოლაპარაკებებში ჩართულ დიპლომატებს შეთანხმების შინაარსზე განმარტებების გაკეთებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ, 11 მაისს მოუწოდა. ჰუბერტ ქნირში ერთადერთი ელჩია, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე საუბარი ისურვა.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.