საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 8 მარტის შეთანხმებაზე არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ვრცელი Facebook პოსტით გამოეხმაურა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "ქართულ ოცნებას" არც ერთ მომენტში არ უთქვამს თანხმობა არც რომელიმე ბრალდებული პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით.
"ფაქტია, და ეს შეთანხმების ტექსტითაც დასტურდება, რომ "ქართულ ოცნებას" არც ერთ მომენტში (!) არ უთქვამს თანხმობა არც რომელიმე ბრალდებული თუ დამნაშავე პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით.
ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ამ ფაქტს ეწინააღმდეგება, აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური დამოკიდებულება, პოლიტიკური მიკერძოებულობა, ინფორმაციის არქონა თუ სხვა.
სუბიექტური დამოკიდებულება და მიკერძოებულობა მისი ავტორის უფლებაა, თუმცა, იმ შემთხვევაში, სადაც ფაქტის და დოკუმენტის საწინააღმდეგო განცხადება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფორმაციის ნაკლებობით ან არასწორი ინფორმაციით, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ მის აღმოსაფხვრელად.
რეალურად, პირველივე კენჭისყრაზე გამოჩნდება, ვინ ასრულებს და ვინ არღვევს პირობას, ვინ ზრუნავს საარჩევნო გარემოს, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხალხზე და ვინ - მხოლოდ თავის კრიმინალ მეგობრებზე.
როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ არც ერთი სისტემით შანსი არ აქვთ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არჩევნებში, ამიტომ მათ შეცვალეს მესიჯი, სადაც ისინი არჩევნებში გამარჯვებაზე და პოლიტპატიმრებად მათ მიერვე მოხსენიებული დამნაშავეების გამოშვებაზე ლაპარაკობდნენ. ამჯერად ისინი ცდილობენ განსხვავებული გეგმით მოქმედებას, რომელშიც საარჩევნო სისტემის ცვლილება და დემოკრატიული არჩევნები მათი ინტერესი არ არის,"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.