18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
8 მარტის შეთანხმებას კვლავ ორი ვერსია აქვს - ხელისუფლება და ოპოზიცია ტექსტს სხვადასხვაგვარად განმარტავენ

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე მსჯელობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა. ქართველ პოლიტიკოსებს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ ამერიკელი სენატორი რიში, კონგრესმენი კინზინგერი და ფასილიტატორი ელჩები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

უფრო მწვავე აღმოჩნდა სენატორი რიში, რომელიც თავის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტერმინ "პოლიტპატიმრებს" იყენებს და პარტიების მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილში.

ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებად აფასებს "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მოკავშირეების მხრიდან მსგავს ტონს. პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებს უკავშირებს იმას, რომ მედიატორებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსიაში ჩარევა მოუწიათ. რა სტატუსით დატოვებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საპატიმროს, ეს მნიშვნელოვანი არ არის "ევროპული საქართველოსთვის," პარტიაში მიაჩნიათ, რომ მთავარი მათი გათავისუფლებაა.

ქვეყნის დემოკრატიაზე ძლიერ დარტყმად მიაჩნია დავით უსუფაშვილს სენატორისა და კონგრესმენის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მისი თქმით, ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები არიან.

ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მონაწილე და შეთანხმებაზე ხელმომწერია, იხსენებს, რომ ის არაერთხელ შეესწრო დიალოგის დროს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობასა და შეთანხმებასაც კი.

მოლაპარაკებების კიდევ ერთი მონაწილე გია ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ დოკუმენტში კონკრეტული გვარების ჩაწერაზე საუბარი არ ყოფილა.

ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური თანამოაზრეების გათავისუფლების მოთხოვნა ხელისუფლებისთვის მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევაა და ამბობენ, რომ ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი და თუ ვინმეს დაკავებულების საქმეები აინტერესებს, შეუძლიათ, მათ ეს ინფორმაცია დეტალურად მიაწოდონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. მისი მობილიზება მმართველ პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშე არ უნდა გაუჭირდეს, ამისთვის მას, საკუთართან ერთად, დამოუკიდებელი დეპუტატების და ოპოზიციური ფრაქციების ხმებიც ჰყოფნის. თუმცა, ხელისფულება უკვე საუბრობს ცვლილებების ჩავარდნის საფრთხეზე და პასუხიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ოპონენტები კი ამბობენ, რომ სწორედ მმართველი ძალა ცდილობს, 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულოს.

დღის ამბები