შეკითხვაზე- რატომ გააქტიურდა დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკა და რატომ მოხდა ამ კრიტიკის დროს დასავლელი პარტნიორების მიერ ტერმინ პოლიტპატიმრის გამოყენება. მათ შორის, გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან, როგორიც სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერია- პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეს პოზიციები არის საქართველოს მეგობრების მოსაზრება და ხელისუფლება მზადაა მათ სიმართლე შესაბამისი არგუმენტებით დაუმტკიცოს:
"ეს პოზიციები არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება და რადგან არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება, მზად ვართ, ნებისმიერ დისკუსიაში შევიდეთ ჩვენს მეგობრებთან. რაც შეეხება ბატონ კინზინგერს, მან უბრალოდ გამოთქვა მოლოდინი და ორივე განცხადებაში პირველ პრიორიტეტად არის დასმული და ისინი მოუწოდებენ მხარეებს, რომ შეასრულონ შეთანხმება, ხელისუფლებას კი არ მოუწოდებენ არღვევენო, მხარეებს მოუწოდებენ. ანუ, ისინი თვლიან, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიცია როგორც იქცევა, ეს არის ერთგვარი საფრთხის შექმნა შეთანხმების მისამართით. რაც შეეხება რიშს, ის ამბობს, რომ ველოდები სრულად შესრულდეს შეთანხმება ნიშანდობლივია, რომ ის, პარტიებს მოუწოდებს და არა ხელისუფლებას. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10% რომ გაფლანგოს მერმა, ან კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ძალადობრივმა ჯგუფმა შეტევა, თუ შეიძლება ეს ადამიანები დაკვალიფიცირდნენ როგორც პოლიტპატიმრები?"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან მეგობრული დისკუსია აუცილებლად ექნებათ და შესაბამის არგუმენტებსაც წარუდგენენ.
თალაკვაძის თქმით, მთავარია ფასილიტატორი ელჩების მოსაზრება, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში უშუალოდ იყვნენ ჩართული.