18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ნუ დაუძახებენ პოლიტპატიმრებს, არაა ეს პრობლემა, მაგრამ ამ ადამიანების ციხეში ჯდომა ვითარების ნორმალიზაციას უშლის ხელს - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მეორე პუნქტი იმ ადამიანების ციხიდან გათავისუფლებას გულისხმობდა, რომელთა დაკავების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით  ოპოზიციას და საერთშორისო თანამეგობრობას კითხვები ჰქონდა.

განცხადება ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეკრებამდე "დღის კურიერის" ეთერში ჩართვისას გააკეთა. ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობასაც:

"ეს შეხვედრა და ზოგადად ეს ოპოზიციური ერთიანობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამ ერთიანობის წყალობით მოხდა, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, დიპლომატიური კორპუსი იყო ჩართული იმ პროცესში, რასაც ამ შემთხვევაში ერქვა სამართლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ დაპირება იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. მართალია სრულად პროპორციული ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით და ოპოზიცური ერთიანობით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წამოსულიყო.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ 8 მარტის შეთანხმება იყო 2 პუნქტიანი, დიახ, იქ იყო შეთანხმება, რომ 120/30-ზე უნდა იყოს მიღებული პროპორციული სისტემა, ასევე იყო მეორე შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა არიან დაკავებული, სხედან ციხეში და რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციას და საერთშორისო თანამეგობრობას აქვს კითხვები დაკავების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ ციხიდან, ამავდროულად, ეს ორივე პირობა იყო იმისი გარანტი, რომ ქვეყანა იქნებოდა ნორმალურ გარემოში და წინასაარჩევნო პერიოდი იქნებოდა ნორმალური და პოლიტიკური ვითარებაც იქნებოდა პოზიტიური," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, მთავარი თემა ოპოზიციის შეხვედრისა იქნება იმაზე მსჯელობა, თუ როგორ უნდა აიძულონ ხელისუფლება, მიცემული პირობა შეასრულოს და განაცხადა რომ ამ საკითხის მოგვარებაში მნიშვნელოვანია პრეზიდენტის როლი:

"კი ბატონო ნუ დაუძახებენ პოლიტპატიმრებს არაა ეს პრობლემა, მაგრამ ცხადია, რომ ამ ადამიანების ციხეში ჯდომა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის  გარეთ, ვითარების ნორმალიზაციას უშლის ხელს და არ არის არანაირი საფრთხე და ჩარევა, რომ პრეზიდენტმა თავისი მაღალი უფლებამოსილება გამოიყენოს და ეს ადამიანები შეწყალებით გაათავისუფლოს.

რატომ შეჩერდა ხაზარაძის და გვარამიას საქმეები, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი პირობა ამ შეთანხმებისა. რატომ იქნა თამლიანი გამოშვებული? იმიტომ რომ ესეც იყო ამ შეთანხმების პირობა. მე მესმის, რომ კონკრეტული ადამიანების გამოშვება "ქართულ ოცნებას" თავის ამომრჩეველში ხმას აკარგვინებს, მაგრამ საერთო პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებისათვის ეს მნიშვნელოვანია.

ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ პროპორციული სისტემა არ ჩავარდეს და ნებისმიერი საუბრები, ქვეყნის შიგნით და გარეთ  საზოგადოების შეგუებები იმაზე, რომ შეიძლება ეს კენჭისყრა მეორედ ჩავარდეს, ხელისუფლების მხრიდან ეს ნებისმიერი მცდელობა არის განწირული და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სასურველია რომ ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება მაღალი კონსენსუსის საფუძველზე მოხდეს და ამის მიღწევა ხელისუფლებას შეუძლია:

"მაღალი კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებას შეუძლია, რომ ეს ყოველგვარი სასამართლოში ჩარევის გარეშე მოხდეს. ჩვენი ხელისუფლების დროსაც, როდესაც 2008 წელს მე შევიწყალე ბატონი ბათიაშვილი და ბატონი სულხან მოლაშვილი, კატეგორიულად უარყოფდა ხელისუფლება - სააკაშვილი და მისი გუნდი ამ ადამიანების პოლიტიკური მოტივაციით პატიმრობას, ამისდა მიუხედავად, ვინაიდან საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი და ეს დაძაბულობას მოხსნიდა მე შევიწყალე ეს ადამიანები და ამით არაფერი დაშავებულა. პირიქით, ვფიქრობ რომ ძალიან სწორად მოვიქეცი, იგივე შეიძლება ახლა გაკეთდეს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

დღის ამბები